მემარცხენეების პოზიცია კორონა ვირუსის დროს

მემარცხენეების პოზიცია კორონა ვირუსის დროს

 

ეპიდემიის პერიოდში მმართველი ელიტები დაიბნენ. მათ არ იციან როგორ იმოქმედონ. მათი გადაწყვეტილებები ეკლექტურია ტრადიციული სტერეოტიპისა და იდეოლოგიური მიდგომების თვალსაზრისით. ბრიტანეთის და აშშ-ს აშკარად მემარჯვენე მთავრობები იღებენ ისეთ მემარცხენე გადაწყვეტილებებს, როგორიც ეპიდემიამდე მემარცხენეთათვისაც კი რადიკალურად განიხილებოდა. კოლოსალურ ჯანდაცვის ხარჯებსა და არნახულ ეკონომიკურ სტიმულირებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ლეგიტიმური გახდა, და ამა თუ იმ ფორმით დაიწყო რეალიზებაც კი უნივერსალური საბაზისო შემოსავლების იდეამ.

ამ ვითარებაში არსებობს ორი ხიფათი:

  1. რადიკალურად განწყობილმა მემარცხენეებმა შეიძლება არ მიიღონ და დაიწუნონ მემარჯვენეების მიერ განხორციელებული პოლიტიკები, უარყონ მონაწილეობა ამ პოლიტიკბის შემუშავებასა და განხორციელებაში, ჩათვალონ ის ფარსად, განზე გადგნენ იმ საკითხებზე მსჯელობისაგან, რომელიც მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის მთავარია (განსაკუთრებით საშუალო და დაბალი კლასებისა და ჯგუფებისათვის) და დატოვონ მოსახლეობა მემარჯვენე ელიტების (ხშირად პოპულისტი და ავტორიტარული) პირისპირ და მათ იმედზე: თავად კი დაელოდონ მსოფლიო რევოლუციას. არ მონაწილეობა კიდევ უფრო გააღრმავებს გაუცხოებას (განსაკუთრებით მოსახლებიოს დიდ ნაწილსა და მემარცხენეებს შორის): და კიდევ უფრო დაასუსტებს ისედაც უკვე დასუსტებულ დემოკრატიას.
  2. ასეთი განდგომის და დემოკრატიული კონტროლის არარსებობისას, მემარჯვენე ელიტებმა შეიძლება თავისი „მემარცხენე“ პოლიტიკა და ხარჯების უდიდესი ნაწილი (სახელმწიფოს ანუ ყველას ფული) მხოლოდ დროებით წარმართონ საყოველთაო საჭიროებებისათვის ეპიდემიის პერიოდში, ხოლო ძირითადი პოლიტიკური გეზი აიღონ და წარმართონ იმ მიმართულებით, რომ უპირატესად მხარი დაუჭირონ კვლავ ელიტების ინტერესებს და განახორციელონ ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებები ეპიდემიამდე არსებული „ჩვეული წესრიგის აღსადგენად, რომელიც, რასაკვირველია, არ ითვალისწინებს უდიდესი უმრავლესობის ინტერესებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, უკეთეს პირობებს უზრუნველყოფს ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად, ვიდრე ეპიდემიის დროს. business as usual კიდევ ერთხელ მიიღებს ფართო ლეგიტიმაციას.
  • როგორ შეიძლება იმოქმედონ მემარცხენეებმა?

მაშინ როდესაც არგუმენტი (პოზიცია) სახელმწიფოს ეკონომიკაში აქტიური ჩარევის აუცილებლობის შესახებ აღარ არის საკმარისი პოზიციონირობისათვის – თავად მემარჯვენეები აღიარებენ ამას აუცილებლობად და ახორციელებენ კიდეც შესაბამის ღონისძიებებს – რამ უნდა განასხვავოს მემარცხენეები? რა არის ის მთავარი, რასაც უნდა დაეყრდნოს მათი პოზიციონირება? ეს არის დემოკრატია, მონაწილეობა გადაწყვეტილებებში და მათ განხორციელებაში, დემოკრატიული კონტროლი, სახელმწიფოს ინტერვენციაზე (სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევაზე) ხალხის კონტროლი. გაცნობიერება იმ შინაარსისა, წესებისა, რომელსაც ეფუძნება ეს ინტერვენცია:

ა) როგორ ხდება რესურსების მობილიზება: საიდან და როგორ მოდის ფული, ფინანსები;

ბ) როგორ ხდება გადანაწილება: სად და როგორ მიდის ფული? რამდენად გამჭვირვალედ და რამდენად სამართლიანად იხარჯება იგი?

ამ საკითხებში პოზიციის დაკავება არის დღეს მემარცხენეების მთავარი ამოცანა!

აქ არის პოზიცია!

ასევე მთავარია, რომ თუნდაც მემარჯვენე მთავრობების „მემარცხენე პოლიტიკა“ არ შემოიფარგლოს პანდემიის პერიოდით: გაგრძელდეს შემდეგაც!

 

თარიღი : 13.04.2020