ვირუსი, ომის მდგომარეობა და გადასახადები.

დაწერილია 07.04.2020

ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ვიმყოფებით ომის მდგომარეობაში. მაგრამ, ვმოქმდებთ კი ისე როგორც ეს ისტორიულად ომის მდგომარეობაში ხდებოდა?

ჩვენი ოპოზიცია განუწყვეტლივ მოუწოდებს მთავრობას შეამციროს ბიუროკრატია,  გადასახადები და მაქსიმალურად შეამციროს ხარჯვა. ეს რიტორიკა, კარგ შემთხვევაში საზოგადეობის შეცდომაში შეყვანა და პრიმიტიული ტყუილია ან უარეს შემთხვევაში სოციალური კატასტროფის წადილი. ნებისმიერ კრიზისულ მდგოამრეობაში სწორედ სახელმწიფო (ანუ სახელმწიფოს ხარჯვა დაფინანსებული ვალებით, გადსახადებით თუ სხვა წესით ) წარმოადგენს უალტერნატივო აქტორს, რომელსაც შეუძლია მდგომარეობის შემსუბუქება და კრიზისის დაძლევა. ამას კი ესაჭიროება სახელმწიფოს ხარჯვა, სხვაგვარად უბრალოდ არ არსებობს.

ისტორია გვაჩვენებს, რომ ომის და სხვა კრიზისის მდგომარეობაში გარდა იმისა, რომ მთავრობები იღებენ ეკონომიკის მაკოორდინელ ზომებს ასევე  მოსახლეობის ყველაზე მდიდარ სეგმენტს ბევრად მეტ გადასახადებს აკისრებდნენ. მაგალითად, პირველ მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთში და ა.შ.შ-ში არსებობდა 80% საგადასახადო განაკვეთი გადამეტებულ მოგებაზე. ხოლო შემოსავლებზე გადასახადი ყველაზე მდიდრებისთვის იწყებოდა 15%-იდან და აღწევდა 77%-ს. მსგავსი რამ ხდებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც საგადასახადო განაკვეთი ყველაზე მაღალ შემოსავლებზე ა.შ.შ.-ში 94% ამდე ავიდა. ბრიტანეთში ეს განაკვეთი 99.25% მდე ავიდა. ასეთივე ზომები იყო მიღებული სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად ამერიკაში კორეის ომი 100% ით ასეთი გადასახადებით ფინანსდებოდა, მეორე მსოფლიო ომში კი მისი წილი 40% ზე მეტი იყო.

წყარო: ტომას პიკეტი , კაპიტალი 21-ე საუკუნეში

ყველაზე მაღალ შემოსავლებზე დიდი გადასახადები ომის შემდგომ პერიოდში შენარჩუნდა მთლს ევროპაში ეკონომიკური ბუმის პარალელურად, რაც მნიშნველოვანად განაპირობებდა  საყოველთაო (არა ერთეულების) კეთილდღეობას და საშუალო ფენის ზრდას. მოგეხსენებათ ეს პერიოდი ნეოლიბერალურ პერიოდამდე მთელ მსოფლიოში ყველაზე გამორჩეულ პერიოდად ითვლება და პირობითად კაპიტალიზმის “ოქროს ხანაც” ეწოდა, რადგან შემოსავლები და საზოგადეობრივი სიკეთეების მიწოდება იზრდებოდა ყველასთვის.

დღეს ომის მდგომარეობისგან განსხვავებული სიტუაციაა – შრომითი ძალა დემობილიზებულია და ბევრი ბიზნესი კოტრდება. თუმცა, პარალელურად იზრდება გარკვეული სექტორების მოგებები და ბევრი მაღალ შემოსავლიანი ადამიანის შემოსავლებიც სტაბილურია. იმისთვის, რომ დავეხმაროთ ამ დემობილიზებულ შრომით ძალას ფიზიკურად გადარჩეს და თუნდაც მცირე და საშუალო ბიზნესს – უფრო და უფრო აუცილებელი ხდება რესუსების გადანაწილების უზრუნველყოფა სახელმწიფოს მიერ. ეს პირველ რიგში მოხდება ვალის მეშვეობით თუმცა ეს არ იქნება საკმარისი.  ჩვენ ამ მიზნით შევთავაზეთ საზოგადეობას და მთავრობას სავალდებულო საყოველთაო სოლიდარობის გადასახადის შემოღება (რომელიც პროგრესული გადასახადების ანალოგია), რომელიც მზარდ საგადასახადო განაკვეთს დააწესებს მზარდ შემოსავლებზე.

მას შემდეგ, რაც ვალი უკვე განაწილდება შიდა მეურნეობებზე, უმუშევრებზე, დახმარების საჭიროების მქონეებზე და ბიზეს სექტორზე,  უფრო მეტად გახდება საჭირო მზარდი ბიუჯეტი და ხარჯები, რაც უფრო მკვეთრად გამოაჩენს პროგრესული დაბეგვრის აუცილებლობას.

საბედნიეროდ დღეს, ვირუსთან ომის პირობებში სამხედრო ომისგან განსხვავებით ვალით, გადასახადებით და სახელმწიფო ხარჯვით, ადამიანების “სიკვდილის დაფინანსების” ნაცვლად სიცოცხლის გადარჩენის დაფინანსება გვიწევს, რაც სახალხო მობილიზაციის უფრო დიდი სტიმული უნდა გახდეს. დღეს გადასახადების ყველაზე მოძულე ადამიანიც კი უნდა იზიარებდეს სოლიდარობის, გადანაწილების და დიდი პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს აუცილებლობას. 

შეგახსენებთ, რომ როდესაც ვსაუბობთ ომის მდგომარეობაზე და მობილიზაციაზე, საუბარი ქველმოქმედებაზე და ცალკეული ადამიანების კეთილ ნებაზე დააფინანსოს თუ არა საერთო სიკეთე (ჩვენს შემთხვევაში ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე) როგორც მინიმუმ არასერიოზულია და უფრო ხშირად კი უბრალოდ პიარი. აქ საჭიროა სახელმწიფოს სისტემური მოქმედება და სავალდებულოობა. არავინ არ ეკითხებოდა ცალკეულ ადამიანებს გადაიხდიდნენ თუ არა ამ გადასახადებს ომის მდგომარეობაში. ჩვენ არ ვამბობთ, რომ უნდა გადმოვიღოთ იგივე განაკვეთები, თუმცა უნდა გადმოვიღოთ პრინციპი.

უნდა თუ არა ეს, მთავრობას  პოსტ-კრიზისულ მდგომარეობაში დაუდგება მზარდი ხარჯვის  აუცილებლობა და დაიწყებს მისთვის წყაროების ძიებას. ნათელია, რომ ეს მუდმივად ვალის ზრდით ვერ მოხერხდება, დღის წესრიგში დადგება გადასახადების გაზრდის საკითხი, რაც შესაძლოა მოხდეს არაპირდაპირი ანუ ე.წ. ღარიბების გადასახადის ზრდის მეშვეობით. ამის ალტერნატივა კი სხვადასხვა ტიპის გადასახადის შემოღებაა ყველაზე მდიდრებზე -მათ შორის პროგრესული გადასახადის.  ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ როგორც ყველგან აქაც ასეთ გადასახადებს დაუპირისპირდება სუპერ მდიდრების ფენა, თუმცა ვიცით ისიც, რომ უმცირესობის ხელში სიმდიდრის უკიდურესი კონცენტრაცია და ნამდვილი დემოკრატია ერთად ვერ იარსებებენ, ამიტომ ამისათვის ღირს პოლიტიკური ბრძოლა. ჩვენ უნდა შემოვიღოთ პროგრესული დაბეგვრა ყველაზე მდიდრებისთვის (რაც ყველაზე დაბალ შემოსავლიანებისთვის გადასახადების შემცირებასაც გულისხმობს) წინააღმდეგ შემთხვევაში კრიზისით გამოწვეული საშუალო შემოსავლების მქონეთა გაღარიბება, ხოლო ღარიბები გაღატაკება უფრო შეუკავებელი გახდება, რაც უფრო გაზრდის სოციალურ უსამართლობას და პოლარიზაციას.